Thumbnail for სააღდგომო ტრადიციები by პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სააღდგომო ტრადიციები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

2m 13s211 words~2 min read
Auto-Generated

[0:03]აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული სიმბოლოებითაა დატვირთული. ჯეჯილი, პასკა, წითლად შეღებილი კვერცხები. ეს ყველაფერი სააღდგომო სუფრას ყველა ოჯახში ამშვენებს. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რატომ ვიცავთ სააღდგომო ტრადიციებს და რა მნიშვნელობა აქვთ თითოეულ მათგანს. წითელი კვერცხი სიცოცხლის სიმბოლოა. წითლად შეღებვა კი იმას ნიშნავს, რომ კაცობრიობის ცოდვები მაცხოვარმა საკუთარი სისხლით გამოისყიდა. ქრისტიანები მას ვნების კვირაში, პარასკევს ღებავენ და უფლის აღდგომას ერთმანეთს წითელი კვერცხებით ულოცავენ.

[0:37]ლეგენდის მიხედვით იესომ ამაღლებამდე თავისი მოწაფეები სხვადასხვა კუთხეში გააგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომა ეხარებინათ. მაცხოვრის მიმდევარი და მისი ერთგული მარიამ მაგდალინელი საქადაგებლად რომში გაემგზავრა. მან ქვეყნის მმართველს ტიბერიუსს კვერცხი მიართვა და უთხრა: ქრისტე აღსდგა. ამის დაჯერება ისევე ძნელია, როგორც ამ კვერცხის გაწითლება, თქვა იმპერატორმა და სიტყვა არც ჰქონდა დამთავრებული, რომ კვერცხი გაწითლდა.

[1:07]მორწმუნეების სააღდგომო ტრადიციაა ბზობის კვირას ხორბლის დათესვა. ჯეჯილი პურის სიმბოლოა და ის ქრისტეს სხეულს განასახიერებს. აღდგომის დღესასწაული ალბათ არავის წარმოუდგენია პასკის გარეშე. ამ ტკბილეულს ქრისტიანები სააღდგომოდ აცხობენ და მიირთმევენ. ის გოლგოთას მთის სიმბოლოს წარმოადგენს, ადგილს, სადაც იესო ქრისტე ჯვარს აცვეს.

[1:33]ამ ძველი ტრადიციების გარდა, თანამედროვე ოჯახებში აღდგომის შესახვედრად განსხვავებულად ემზადებიან და სააღდგომო სუფრის გასაფორმებლად სხვადასხვა ატრიბუტიკასაც იყენებენ. მხატვარი მეგი კვენეტაძე დღესასწაულისთვის მომზადებას რამდენიმე თვით ადრე იწყებს. ტრადიციულად, ყოველ წელს მის კოლექციას ახალ-ახალი ლამაზი ორნამენტებით გაფორმებული კვერცხები ემატება.

[1:59]თითოეულ მათგანს თავისი ისტორია აქვს. მეგის ოჯახისთვის ეს ყველაფერი სააღდგომო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებს და ამ დღეს უფრო ლამაზს და საზეიმოს ქმნის.

Need another transcript?

Paste any YouTube URL to get a clean transcript in seconds.

Get a Transcript